რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
დღე არ გავა, რომ საზოგადოებამ არ იხილოს საქართველოს საპატრიარქოს მთელი რიგი სასულიერო პირების ზღვარგადსული და ანომალიური საქციელები, რომლებიც გამოხატულია იერარქიისა თუ სამღვდელო დასისათვის შეუფერებელი ქმედებებით, ქადაგებებითა და განცხადებებით.
შეშფოთებას იწვევს მღვდელმთავართა მიერ საკუთარი სტატუსის ბოროტად გამოყენება, რომელიც გულისხმობს ქონების მოხვეჭის მიზნით, ხშირად, უკანონო და ამორალური ბიზნესის წარმოებას.
ამბიონის სიწმინდე შელახულია სამღვდელო პირთა მხრიდან ქადაგებების დროს გაჟღერებული მუქარით, დაშინებით, ძალადობის წაქეზებითა და სხვა სახის არაკორექტული, არაადამიანური თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით. სახარების მაგივრად ხშირ შემთხვევაში იქადაგება წარმართული ზღაპრები, ერეტიკული და გამოგონილი ცრუ სწავლებები, რომელიც მრევლის სულიერი აღშენების ნაცვლად, მის ზომბირებასა და დეგრადირებას იწვევს, რაც საზოგადოებას არც თუ ისე იშვიათად, ძალადობის სახით უბრუნდება.
ამ და კიდევ სხვა ბევრი უკეთურების აღმოფხვირისა და ეკლესიაში ღვთივსათნო თუ სახარებისეული ცხოვრების პრინციპების დაბრუნების მიზნით, მზად ვართ წმინდა სინოდს შევთავაზოთ ჩვენი და ქართველ თეოლოგთა დახმარება. ეს დახმარება გულისხმობს უსჯულოებაში მხილებული მრავალი მღვდელმთავრის და სხვა სასულიერო პირების სამღვდელო ხარიხიდან მოკვეთის აუცილობლობას და სხვა დანარჩენი მკაცრი ზომების გატარებას იურიდიულ თუ სამართლებრივ სიბრტყეზე, რომლის გარეშეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კატასტროფული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რაც ფატალურად აისახება საზოგადოების მდგომარეობაზე, რის გამოც შესაძლოა უფრო აპოკალიპტური და საშინელი შედეგები მივიღოთ.
სურათები აღებულია intermedia.ge და patriarchate.ge დან
COMMENTS