სინოდის განჩინება მეტწილად არის საპატრიარქოს და სახელმწიფოს მახინჯი თანამშრომლობის  მაგალითი

სინოდის განჩინება მეტწილად არის საპატრიარქოს და სახელმწიფოს მახინჯი თანამშრომლობის მაგალითი

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
ნამახვანჰესი და მეუფე იოანე ჯვრის წინააღმდეგ
შეშფოთებას იწვევს მღვდელმთავართა მიერ საკუთარი სტატუსის ბოროტად გამოყენება

წმინდა სინოდის განჩინების დაწვრილებითი შეფასება

წმინდა სინოდის განჩინების ტექსტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, იგი შედგენილია ვიწრო პოლიტიკურ, მერკანტილურ და საზოგადოების მაპოლარიზებელ კონტექსტში და მეტწილად წარმოადგენს საპატრიარქოს და სახელმწიფოს მახინჯი თანამშრომლობის გამჭირვალე მაგალითს.

გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქო სრულიად იზიარებს სახელმწიფოს პათოსს და თუკი აქამდე ცალკეული პირები გვევლინებოდნენ დაკვეთილი საქმის ბრალმდებლებად, ახლა სინოდალურ დონეზე დამტკიცდა ეს – სინოდი არის ერთგვარი მთავარი მოწმე.
ამას ემატება გარეჯის საკითხის არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური და უფლებამოსილების საზღვრებს გარეთ მდგომი განჩინება, რაც სინოდმა კარტოგრაფიულ მასალასთან დაკაშირებით შემოგვთავაზა.

ვაქცინაციის ნაწილში სინოდმა არათუ საერთო სახალხო სიკეთისათვის გადადგა ნაბიჯი და ვაქცინაციის აუცილებლობაზე განაცხადა, არამედ სინოდალურ დონზე მწვანე შუქი აუნთო ცალკეული სასულიერო პირების ზღვარგადასულ ბოდვებსა და შეთქმულების თეორიებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ყველა სხვა ქრისტიანული თუ არაქრისტიანული რელიგიური მიმდინარეობა არაჭეშმარიტად არის გამოცხადებული და მათ სასულიერო იერარქია თვითმარქვიად შეფასებული, ‘‘გირჩის‘‘ მიერ შექმნილი ‚‘‘საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესიის – ბიბლიური თავისუფლება‘‘ -ზე გამოტანილი სინოდალური განჩინება არის ნაჩქარევი და გაუაზრებელი. ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, ეს დადგენილება ხომ არ ემსახურება ‘‘ გირჩის‘‘, როგორც აქტიური და მზარდი პარტიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მიერ დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ წარმოდგენილი მოხსენება არის ადგილობრივი მმართველი მღვდელმთავრის, ზენონის (იარაჯული) კანონიკურ უფლებებში შეჭრა, რაც სჯულის კანონის მიხედვით დაუშვებელია.
მთავარეპისკოპოსი ზენონი ვალდებულია, რომ მიტროპოლიტ გერასიმეს პასუხი მოსთხოვოს წმინდა სჯულის კანონით დაცული უფლებების შელახვაში. მიტროპოლიტ გერასიმეს და სინოდის განცხადება დეკანოზ ილია ჭიღლაძის წინააღმდეგ არის ხსენებული დეკანოზის კრიტიკული საჯარო პოზიციების გამო შურისძიება და ანტიკანონიკური, დაუსაბუთებელი ბრალდება და მიმართულია ეკლესიაში თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად, აზრის გამოხატვის წინააღმდეგ და იწვევს უდიდეს შეშფოთებას.

დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავა) მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში გადასვლის შესახებ საკითხის დასმით საქართველოს საპატრიარქო ცდილობს მსოფლიო პატრიარქთან ღია დაპირისპირებაში შევიდეს, რაც მიგვაჩნია, რომ არის რუსეთის ეკლესიის დავალება.

დრომ და გამოცილებამ აჩვენა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად ეპისკოპოს გრიგოლის (კაცია) გამწესებამ 2019 წელს საქართველოს ეკლესიაში არსებული პრობლემები არათუ აღმოფხვრა, არამედ კიდევ უფრო გააღმავა იგი.

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) გამწესება არის საპატრიარქოს და სახელმწიფოს მახინჯი თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოვლინება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიტროპოლიტი სტეფანე აქტიურად იბრძოდა (ჩვენი აზრით პუპულისტურად) ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ და ამ ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა წმინდა სინოდმა გააუქმა.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი გადაცდომები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და ამ მხრივ დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის საკითხის განხილვა მართებულია, მაგრამ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ მრავალი, ხშირ შემთხვევაში საპატრიარქოსთან დაახლოებული სასულიერო პირების პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია რელიგიის ექსპერტთა ასოციაციაზე თავდასხმა სინოდის მიერ, რომლის შესახებაც გთავაზობთ ჩვენს განცხადებას.

მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიმართ კვლავ გრძელდება უსამართლო, არაკანონკური და არამართებული მსჯავრის გამოტანა. მას არ ეძლევა უფლება წარმოადგინოს იმ ბრალდებების მტკიცებულებები, რაც მან 2019 წლის 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე და მედიის წინაშე გააჟღერა.
სინოდის მიერ მსგავსი არაკანონიკური მოქმედებები ახალი არ არის და საჭიროა ყველა თეოლოგის თუ ექსპერტის ერთობლივი რეაგირება და სხვა მართლმადიდბელი ეკლესიების მესვეურების ინფორმირება, რათა ეს საკითხები როგორმე დადებითად გადაიჭრას.

სინოდის განჩინების მეათე პუნქტში კონტექსტურად უკავშირდება კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან ღია დაპირისპირებაში შესვლის საკითხს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წმინდა სინოდმა გვერდი აუარა ყველა იმ მტკივნეულ და საჭირბოროტო საკითხს, რომელიც რაიმე სახით არის დაკავშირებული რუსეთან ან რუსულ ეკლესიათან, და ვერ გაბედა მოსკოვის საპატრიარქოს მხილება საქართველოში (აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში) შემოჭრის გამო, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სინოდში გავლენებს სწორედ როსოფილი მღვდელმთავრები ფლობენ.

გარად ამისა, სახეზეა მიკერძოებული, მუქარის შემცველი და შურისმაძიებლური განჩინება, რომლის შედგენასაც რეკორდული დრო 36 საათი დასჭირდა. ღმერთმა იცის, ვინ არის სინამდვილეში ავტორი ორგევრდიანი ფანტაზიებისა, რომელიც ჭეშმარიტების მანტიით შებურვილი მიეწოდა საზოგადოებას.

COMMENTS