მიტროპოლიტ სტეფანეს ნაჩქარევმა  ქმედებებმა გაართულა პრობლემების გადაჭრის პროცესი

მიტროპოლიტ სტეფანეს ნაჩქარევმა ქმედებებმა გაართულა პრობლემების გადაჭრის პროცესი

საქართველოს ეკლესიის მეთაურის ქმედება სცდება ქრისტიანულ სამართლიანობას
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
მიმართვა საგამოძიებო უწყებებს

AORE ს განცხადება

ა/წ 8 მარტს მარტვილში განვითარებულმა სამწუხარო მოვლენებმა მთელი საზოგადოება აღაშფოთა. ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველის, მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ნაჩქარევმა და შეუსაბამო ქმედებებმა კიდევ უფრო გაართულა პრობლემების გადაჭრის პროცესი. იმის ნაცვლად, რომ მეუფე სტეფანეს ეპარქიის სასულიერო პირების და მრევლის შეშფოთების და წუხილის მიზეზები მოესმინა და სათანადო რეაგირება მოეხდინა, მან სადამსჯელო ოპერაციების გატარება დაიწყო და მსახურების უფლება ჩამოართვა ეპარქიის ორ დიაკვანს. მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავარს ნამდვილად შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება მისდამი დაქვემდებარებული სასულიერო პირების მიმართ, დიაკვნების დასჯის გადაწყვეტილება ვითარების საერთო კონტექსტიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ იყო და ამწვავებს კონფლიქტს.

ამას დაემატა მღვდელმთავრის მიერ მრევლის მიმართ აგდებული და დამცინავი დამოკიდებულება (რაც ჯერ კიდევ გრელდება), რომელიც შეუფერებელია სამღვდელმთავრო პატივისათვის. სამწუხაროდ, არსებული უმწვავესი პრობლემების ხელოვნურად და ნაჩქარევად გადაჭრის დაუოკებელმა სურვილმა გამოიწვია შფოთი და არეულობა, რასაც ადამიანების, მათ შორის მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური დაზიანება მოჰყვა.

მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს საპატრიარქო და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე, ”რადაგან, ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება (ლკ. 12, 47).”

ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია მშვიდობიანი და ურთიერთპატივსაცემი დიალოგი მღდელმთავარს, ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს შორის, რათა ყველა მწვავე კითხვას, რომელიც არსებობს, პასუხი გაეცეს. თუ მხარეები საჭიროდ ჩათვლიან, მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ პრობლემების აღმოფხვრაში.

დაშავებულ ადამიანებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას.

სურათი აღებულია pia.ge – დან

COMMENTS