რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში მიმდინარე პროცესზე
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა დეკანოზ თადეოზ სარალიძის სინანულის წერილი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოსა და მმართველი მიტროპოლიტის საჭირო და ლოგიკური ზეგავლენის შედეგს. ამის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ხსენებული დეკანოზის შესაბამისი საეკლესიო განკანონება უნდა მოხდეს. ამას, როგორც მმართველმა მღვდლმთავარმა აღნიშნა, ეპარქიის კრება გადაწყვეტს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დეკანოზ თადეოზს შეუჩერდეს ღვთისმსახურების უფლება გარკვეული ხნით და აეკრძალოს ქადაგება ყველა იმ თემაზე, რომელიც არ წარმოადგენს სამღვდელო პირის კომპეტენციის სფეროს. ეს ”სასჯელი” მისთვისვეა აუცილებელი, რათა მოხდეს მისი სულიერი კურნება, რომლის გარეშეც მღვდელმოქმედების აღსრულება დაუშვებლად მიგვაჩნია. დეკანოზი თადეოზი ვალდებულია საქმით გვაჩვენოს ის სინანული, რაც სიტყვით გააცხადა. ასევე, მინიმუმ გაფთხილება უნდა მიეცეს მღვდელ გიორგი შუკაკიძეს, რომელიც დეკანოზ თადეოზის ქადაგებათა შინაარს საჯაროდ ამართლებდა. თუმცა, სასჯელის დადების უფლებამოსილება და ვალდებულება მხოლოდ ადგილობრივი მღვდელმთავარს გააჩნია. ეს იქნება ღირსეული ნაბიჯი და საყოველთაო, პრინციპული გაფრთხილება საპატრიარქოს მხრიდან ქსენოფობიურად განწყობილი სამღვდელოებისა, რაც იქნება მცირე, მაგრამ პრევენციული და გამაჯანსაღებელი საეკლესიო კრებულის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა.
COMMENTS